კურსის ზოგადი აღწერა

კურსი განკუთვნილია ფსიქოლოგიით დაინტერესებული აუდიტორიისათვის. უშუალო და მეგობრულ ატმოსფეროში განვიხილავთ ზიგმუნდ ფროიდის, კარლ გუსტავ იუნგის, ალფრედ ადლერის, ერიხ ფრომისა და ერიკ ბერნის შრომებს. ასევე მიჯაჭვულობის ცნებას, აღზრდის სტილებსა და მათ გავლენას პიროვნების ფორმირებაზე. ვისაუბრებთ ბავშვობაზე და ბავშვობის დროინდელი გამოცდილებების მნიშვნელობაზე. განვიხილავთ არაცნობიერის ცნებას, კომპლექსებს, სიზმრებსა და მათ მნიშვნელობას პიროვნების თვითრეგულაციისა და თვითშემეცნების პროცესში. ასევე, გაგაცნობთ ბიჰევიორიზმის ძირითად პოსტულატებს-რესპოდენტული და ოპერანტული განპირობება, მოდელირება, ქცევის განმტკიცება და სხვა. ვისაუბრებთ ჟან პიაჟეს შრომაზე ინტელექტის განვითარების შესახებ. კურსის ფარგლებში განვიხილავთ ფსიქიკურ აშლილობებს-პანიკური აშლილობა, აგორაფობია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა და სხვა. ვიმსჯელებთ მათი წარმოშობის შესაძლო მიზეზებზე და გამკლავების გზებზე.

კურსი შესაძლებლობას მოგვცემს ფსიქოლოგიაში დაგროვილი ცოდნა დავუკავშიროთ ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, აზრებს, შეხედულებებსა და განწყობებს. ასევე, გავცვალოთ მოსაზრებები, ვიმსჯელოთ, შევაფასოთ სხვადასხვა ავტორების შრომები, გავიფართოოთ ინტერესის სფერო და ცნობიერების ველი. კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ფსიქიკის ფუნქციონირების ძირითადი კანონზომიერებები, ასევე ფსიქოლოგიური ნორმისა და პათოლოგიის შესახებ მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც მსმენელს დაეხმარება თვითგამორკვევაში, გამოცდილებების გადააზრებასა და გადაფასებაში. პროცესი იქნება ინტერაქციული. დროის ერთი ნაწილი დაეთმობა სალექციო თემის პრეზენტაციას, მეორე ნაწილში იქნება დისკუსია, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, დასვან კითხვები და გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება ჯგუფს.

კურსს გაუძღვება ფსიქოლოგი მერაბ კინწურაშვილი, რომელსაც გავლილი აქვს ფსიქოლოგიის აკადემიური კურსი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად აგრძელებს კვლევით და შემეცნებით საქმიანობას, ფსიქოგანათლებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით.

კურსის ვადების, საფასურისა და სხვა დეტალების გასაგებად გადადით განყოფილებაში “კურსზე დარეგისტრირება”.